logo
ENG



ბაქრაძე ოცნებას: შეეშვით კონფრონტაციული ნაბიჯების გადადგმას, მოლაპარაკებების გზა ერთადერთია 

18 თებ 202112:29
3 წუთის საკითხავი
 

დავით ბაქრაძე გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია. 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოხერხდება სიტუაციის სტაბილიზაცია. ის მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„მთავარია, როგორ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი, სტაბილურობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას - ამისთვის არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა, შემქნილი კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით. მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას და იმ საკითხების განხილვას, რაც აუცილებელია სიმშვიდისთვის. ეს გახლავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სადაც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა. ეს გახლავთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ეს გახლავთ საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი არჩევნების ნორმალურად ჩატარების შესაძლებლობას.

მიუხედავად ჩემი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულებისა მისდამი 20 ივნისის შემდეგ, მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ ნაბიჯს, რომელიც გიორგი გახარიამ გადადგა პასუხისმგებლობით და ამ ნაბიჯით მან გააჩინა შანსი, რომ ქართული ოცნება მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას", - აცხადებს დავით ბაქრაძე.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი მოუწოდებს მმართველ ძალას, ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში მაინც არ გადადგას დაპირისპირებისკენ ნაბიჯები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შუამავალ ელჩებთან ერთად.

„მინდა ვუთხრა ოცნების გუნდს - თქვენმა პოლიტიკამ და უგუნურებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანა შევიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისამდე. როცა ხელისუფლება ჩამოშლილია, ნებისმიერი მცდელობა, ერთპარტიულმა პარტიამ დააკომპლექტოს მთავრობა, იქნება ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ. ეს არ იქნება მთავრობა, რომელიც ასახავს ხალხის აზრს. ახლა მაინც დაანებონ თავი კონფრონტაციული ნაბიჯების გადადგმას, მოლაპარაკებების გზა არის ერთადერთი გზა.

ჩვენი პოზიცია იყო და არის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სწრაფად - ერთადერთი ვადა, რომელსაც ვხედავ, არის ის ტექნიკური ვადა, რაც სჭირდება საარჩევნო ცვლილებებს. უსწრაფესად უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემის და გარემოს შეცვლა და დაინიშნოს არჩევნები. დემორალიზებული ქართული ოცნებით საქართველო წინ ვერ წავა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 


close დახურვა